მტირალას ეროვნული პარკი - მდებარეობს ქობულეთს, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მტირალას მთა შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის, მდინარეეების ჩაქვისწყლისა და ყოროლისწყლის წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის, ეგრეთ წოდებული, „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. ტოპონიმი „მტირალაც“ ამ მთას, სწორედ, უხვნალექიანობის გამო შეერქვა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი — ბოტანიკური ბაღი ბათუმში, მწვანე კონცხზე, შავი ზღვის სანაპიროზე, გაშენებულია 111 ჰა ფართობზე. ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის რელიეფი მთაგორიანია, ნიადაგი — წითელმიწა, ყომრალი და ალუვიური. ბაღში სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებაა. გაცვლის წესით სუბტროპიკულ მცენარეთა თესლები, კალმები და ბოლქვ-გორგლები ეგზავნება უცხოეთის სხვადასხვა ბოტანიკურ დაწესებულებას, გამომცდელ მოყვარულებს. ბაღს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა და 48000 ფურცელზე მეტი ჰერბარიუმი.